Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უშანგი (შმაგი) შმაგი სოფრომაძის მეუღლე თეა ტაბატაძე ამბობს, რომ ორი რუსეთი რომ არ არსებობს დღეს უკვე არსად აღარ დაობენ ამაზე. უკრაინაზე თავდასხმამ ყველასთვის, თუ ვინმეს ეეჭვებოდა მანამდე, მათთვისაც კი ცხადი და აშკარა გახადა. „ჩემმა მეუღლემ შმაგი სოფრომაძემ საქართველოს დროშას არ დააბიჯა ფეხი,რასაც აიძულებდნენ ოკუპანტები.. წამებით მოკლეს... ორი პატარა შვილი დაგვრჩა...მამით ამაყობენ, თუმცა ცხადია როგორც ყველას, მათაც მამა გვერდში ერჩიათ რა თქმა უნდა... მამამისმა გაკვეთილი და მაგალითი დაუტოვა საკუთარ შვილებსაც და სხვებსაც... ომი შენი ნებით არასდროს არ უნდა დაიწყო, მაგრამ თუ თავს გესხმიან, საკუთარი თავი და რაც გიყვარს და ვინც გიყვარს ღირსეულად უნდა დაიცვა.. ჩემზე მეტად არავის ენდომებოდა მე და ჩემს ქმარს ერთად გაგვეზარდა შვილები,მაგრამ გულის სიღრმეში მიფიქრია... რომ დაეღწია იმ ტყვეობიდან თავი,დაებიჯებინა საქართველოს დროშისთვის, შევძლებდით მერე ერთად ცხოვრებას? ან ცხოვრების გაგრძელებას შეძლებდა თვითონ? მე ვიცნობ ჩემს მეუღლეს და ზუსტად ვიცი,ამას ვერ შეძლებდა,ვერაფრით ვერ შეძლებდა ღირსებაშელახულს ეცხოვრა. ეს მაგალითი დაუტოვა თავის შვილებსაც.. ამიტომ მამა სულ მათთანაა.. გზას უნათებს ლამპარივით და სწორ გეზს და მიმართულებას აძლევს მათ არჩევანსაც.. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს და ჩვენ ისევ გვიჭირს გაერთიანება იმ აზრის გარშემო რომ რუსეთი ჩვენი დაუძინებელი მტერია.. რუსულ სიმღერებს ვუსმენთ და რუს ტურისტებზე ეკონომიკის აწყობას ვგეგმავთ ლამის.. არ შეიძლება მათი ნდობა არაფერში.. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, უფრო ზუსტად 2019 წელს სწორედ ასე რუსულ ტურიზმზე ფსონდადებულ საქართველოს, რუსეთმა ეგრეთწოდებული სანქცია და ემბარგო დაუწესა რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო ფრენები აკრძალა და რამდენიმე კომპანიას ქართული ღვინის რუსეთში შეტანის უფლება შეუჩერა. ივნისის ბოლოს, გაგანია ტურისტულ სეზონზე აუკრძალა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა. კარგად მახსოვს მერე როგორ დარჩნენ დაზარალებულები რუს ტურისტებზე გადაწყობილი სასტუმროების მფლობელები.. მახსოვს მაშინ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა,თუ ნებას მომცემთ დავასახელებ, დიმიტრი აბდუშელიშვილმა რუსეთის ამ ნაბიჯის საპასუხოდ, აგვისტოს ომის და ნატოს მისიებში მონაწილე, გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახები მისივე დაფინანსებით, ამ მზაკვრული სანქციისგან დაზარალებულ სასტუმროებში დაგვასვენა.. ეს ძალიან სიმბოლური ჟესტი იყო და თან ძალიან ამაღელვებელი. წლების მერე გავიგე ვინ იყო ეს ბიზნესმენი... არასდროს მომცემია საშუალება მადლობა გადამეხადა... ესეც სამაგალითო ნაბიჯი იყო. ასეთი ხალხის და ასეთი საზოგადოების კონსოლიდირება გვჭირდება დღესაც და მოვერევით ამ დაქსაქსულობას,რუსეთის დეზინფორმაციებს.. ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ ამისთვის მინიმუმ მტერი და მოყვარე უნდა განვასხვაოთ“, - ამბობს თეა ტაბატაძე.
პოლიტიკა
ახალი ამბები
europetime
2022-08-08
18:39:00
ფოტოს წყარო: Google