„თითქოს ვხედავ, ზეციურ საქართველოში ჩვენი გმირების გამარჯვებულ სახეებს“, - აგვისტოს ომის გმირების მეუღლეები Europetime-თან სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ

„თითქოს ვხედავ, ზეციურ საქართველოში ჩვენი გმირების გამარჯვებულ სახეებს...თურმე „ტყუილად არ დახოცილან“, - აგვისტოს ომის გმირების, მეუღლეები Europetime-თან სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ. 2008 წლის აგვისტოში, ქორწინებიდან ორი წლის თავზე, მაკა ვერასდროს წარმოიდგენდა რომ 6 აგვისტოს უკანასკნელად ესაუბრებოდა და ისმენდა მეუღლის ხმას... რომ წინა დღეს, გულში ღრმად ჩაკრული შვილისთვის ეს მამასთან ბოლო შეხვედრა იქნებოდა... ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ გიორგი მისთვის ასე ნანატრი გოგოს მამა, მისი გარდაცვალების შემდეგ გახდებოდა... მაკა მაშინ სამი თვის ორსული იყო.. მერე იყო უგზო-უკვლოდ დაკარგულის დაუსრულებელი ძებნა, სასოწარკვეთა, იმედები, მოლოდინები...მერე ის ვიდეო...სადაც გიორგი ანწუხელიძის არაადამიანური წამების კადრებია აღბეჭდილი...სადაც მას მტერი აიძულებდა დაჩოქილიყო, რასაც მან სიკვდილი არჩია...მაკას რამდენიმე წამის გარდა, არასოდეს უნახავს ბოლომდე ეს კადრები...და ფიქრობს, რომ ამას ვერც ვერასდროს შეძლებს...

დღეს ლევანი 13 წლისაა, ხოლო ანა 12-ის...ზუსტად თორმეტი წლის თავზე ისტორიული და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ...„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის სარჩელში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ მკაფიო გადაწყვეტილება საქართველოს მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო, მათ შორის სამოქალაქო და სამხედრო პირების დაკავებასა და წამებაში.

Europetime-მა გადაწყვიტა სწორედ აგვისტოს ომის გმირების, გიორგი ანწუხელიძის და შმაგი სოფრომაძის მეუღლეებისთვის ეთხოვა, გაეზიარებინათ ის ემოციები რომელიც მათამ გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ დაეუფლათ.

„მიუხედავად ამ ომში, ჩემი პირადი ტრაგედიისა, დღეს ვთვლი, რომ ყველანი გამარჯვებულები ვართ და გიორგის თავგანწირვამ უშედეგოდ არ ჩაიარა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. პირველ რიგში ვულოცავ საქართველოს და ყველას, ვინც ელოდებოდა ამ გამარჯვებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავედ ცნეს რუსეთი მე ღრმად ვიყავი დარწმუნებული რომ ეს ასეც იქნებოდა. დიახ რუსეთი ნამდვილად დამნაშავეა! ჩემთვის დიდი ტკივილია, მაგრამ დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი გმირების დაღვრილმა სისხლმა უკვალოდ არ ჩაიარა და სამართალმა იზეიმა“, - ამბობს გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე.

ეს დღე დეოკუაციამდე მიგვიყვანს - თეა ტაბატაძე, უშანგი სოფრომაძის მეუღლე

„თითქოს ვხედავ, ზეციურ საქართველოში ჩვენი გმირების გამარჯვებულ სახეებს...თურმე „ტყუილად არ დახოცილან“, - ამ სიტყვებით აღწერს რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლის შემდეგ, ომის გმირის, უშანგი სოფრომაძის მეუღლე, თეა ტაბატაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა, რომ სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე.

„სიამაყეა, ტკივილია, სიხარულია, ემოციებია, სამართლიანობის განცდაა“, - ამბობს აბობს თეა... თვალცრემლიანი იხსენებს 12 წლის წინანდელ ომს, რომელმაც მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა...ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მარტო დარჩა... დღეს ამბობს, რომ მის უკვე მოზრდილ შვილებთან ერთად იზეიმა სტრასბურგის სასამართლოში ქვეყნის გამარჯვება, რომელიც პირადად მისთვის წლების განმავლობაში განვლილი ტკივილების ერთგვარი კომპენსირება იყო.

„მე უშანგი (შმაგი) სოფრომაძის ქვრივი ვარ! და ასევე ვარ დევნილი ჩემი სოფლიდან - ნული. ჩემს ოჯახს აგვისტომ უამრავი ტკივილი და ზარალი მიაყენა. ყველაფერი დავტოვეთ და რუსეთმა მიისაკუთრა! პირველ რიგში ვულოცავ მთელ საქართველოს, ჩემს სამშობლოს დღევანდელ გამარჯვებას! დღეს ისტორიული დღეა, რასაც მე პირადად და ჩემი ოჯახი 12 წელი ველოდებოდით. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს მტერია! ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ყველას გასაგონად დადასტურდა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო!

სიამაყეა... ტკივილია... სიხარულია... ემოციებია... სამართლიანობის განცდა... ეს ის გრძნობებია, რასაც ახლა განვიცდი. თითქოს ვხედავ ზეციურ საქართველოში ჩვენი გმირების გამარჯვებულ სახეებს... თურმე „ტყუილად არ დახოცილან", - როგორც ამას ხშირად ამბობენ „კეთილის მსურველები! მიხარია და ვამაყობ! ვთვლი, რომ ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნისთვის, მისი პრესტიჟისათვის!!!“

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

შმაგი სოფრომაძე 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდა და რუსმა ოკუპანტებმა სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის შემდეგ კი დახვრიტეს.

„ბრძოლის ველზე დაჭრილი მეგობრის გამოსაყვანად შევიდა. მანამდე რამდენიმე გამოიყვანა კიდეც. ახლა კი... გადმოატრიალა მეგობარი და... ის მკვდარი იყო. თავზარდაცემული შმაგი მართლაც შმაგივით უმისამართოდ გავარდა. თანამებრძოლები გამოედევნენ... არავისი არაფერი ესმოდა. მირბოდა. ბიჭებმა მანამდე სდიეს, სანამ ცხრავე ერთად არ ჩაუვარდა ოსებს ტყვედ. მათგან მხოლოდ შვიდი მებრძოლის გამოხსნა მოხერხდა. შმაგი დახვრიტეს, ხელებზე შეუტყვიათ, ტანკისტი რომ იყო და დახვრიტეს.ის 24 წლის იყო”, - იხსნებენ მისი თანამებრძოლები.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, რუსს სამხედროებს ტყვედ ჩაუვარდა დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა, თუმცა მაინც არ გატყდა... რუსულ მედიაშიც კი გაჟონა ინფორმაციამ რომ თავისი თავგანწირვით ოკუპანტებიც კი გააკვირვა. გიორგი ანწუხელიძე რუსმა სამხედროებმა ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე წამებით მოკლეს. ომში რომ წავიდა, მისი ბიჭუნა - ლევანი 10 თვის იყო, მეუღლე - მეორე ბავშვზე ორი თვის ორსული...

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა შემდეგი: რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა; რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე; რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე, ​კერძოდ, საერთაშორისო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია: ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ასევე დაახლოებით, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის.