ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გააძლიეროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გააძლიეროს სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. 

„ჩვენ აქტიურად ვაწვდით ინფორმაციას მსოფლიოს რუსეთის ბირთვული შანტაჟის - ზაპორიჟიეს ატომური სადგურის დაბომბვის შესახებ. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უკვე არის შესაბამისი რეაქცია. მაგრამ აუცილებელია საპასუხო ქმედებების დაჩქარება. რუსეთი ყურადღებას არ მიაქცევს სიტყვებს და შეშფოთებას. საჭიროა ახალი სანქციები ტერორისტული სახელმწიფოსა და მთელი რუსული ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში.

ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას.


ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. 

Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან უმსხვილესი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.