აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში აგვისტოს ომიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით ამბობს, რომ მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო და შეიჭრა უკრაინაში ორჯერ.
„გუშინ გავიდა 14 წელი მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. სუვერენიტეტის ამ შელახვამ და მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო და შეიჭრა უკრაინაში ორჯერ, დაეხმარა ასადს სირიაში, შექმნა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები და ბელორუსზე დე ფაქტო კონტროლი დაამყარა“, - წერს ჯიმ რიში Ttwitter-ზე.
ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.
რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.
საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.