ბენ ჰოჯესი: 2008 წელს დასავლეთში გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა

CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელის (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაური 2014-2017 წლებში) ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ საქართველოში რუსული ომის შემდეგ დასავლეთს ჰქონდა იმედი, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანდა.

მისი თქმით, დღეს ვითარება შეცვლილია და დასავლეთში კარგად იციან, რომ რუსეთი ვალდებულებებს არ ასრულებს.

„უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ რუსეთი ჯერ კიდევ უკანონოდ იკავებს ტერიტორიებს საქართველოში. მიუხედავად, იმისა, რომ ე.წ. სარკოზის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და [მათ]უნდა დაეტოვებინათ ეს ტერიტორიები. ჩვენ დასავლეთში, გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ როდესმე რუსეთი შეასრულებდა რაიმე შეთანხმებას. დღეს თუ ვინმე კიდევ ასე ფიქრობს, შესაძლებელია, შეხედონ საქართველოს, სადაც რუსეთმა ვალდებულებები არ შეასრულა. მე ვფიქრობ, რომ დღეს დასავლეთი კარგად აღიქვამს შექმნილ ვითარებას“, - ამბობს ჰოჯესი „ამერიკის ხმასთან“.

ბენ ჰოჯესს საქართველოსთან კითხვა აქვს. მისი აზრით, ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რა ურთიერთობა სურს დასავლეთთან.

„დროა, საქართველომ გადაწყვიტოს, რა სურს რეალურად. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ახლა დაპირისპირებულია. სურთ კი, მათ ნამდვილად იყვნენ დასავლეთის ნაწილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესააძლებლობები. სურთ კი, მათ ჰქონდეთ ეკონომიკური განვითარება? სურთ ამერიკელებთან და ევროპელებთან ყოფნა? - მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას ეს ნამდვილად სურს, რადგან რუსეთს ეს არ სურს. სანამ საქართველო არ გადაწყვეტს, რომ იქნება აყვავებული, დასავლური ორიენტაციის ქვეყანა, მაშინ ის ვერ გამოიყენებს თავის პოტენციალს“, - ამბობს ბენ ჰოჯესი.


ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.

რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.