საპატრიარქოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მივიდნენ. საპატრიარქოში იმყოფება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილიც.
ამის შესახებ Europetime-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესამსახურში განუცხადეს.
"ჩვენი თანამშრომლები საპატრიარქოში იმ პირების ტესტირებას ატარებენ ვისაც დაინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდა. რაც შეეხება პატრიარქის ტესტირებას, ამაზე კომენტარს ჩვენი უწყება ვერ გააკეთებს, პატრიარქს აუღებენ თუ არა ტესტს, ინფორმაციას ვერ დაგიზუსტებთ. ამ თემაზე საპატრიარქოს უნდა მიმართოთ", - განუცხადეს Europetime-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესამსახურში
როგორც პატრიარქის ექიმმა Europetime-ს 8 იანვარს განუცხადა, მას შემდეგ რაც პატრიარქის მდინავ-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, უწმინდესისთვის Covid ტესტის ჩატარების საჭიროებაზე ეპიდემიოლოგები მსჯელობდნენ.
„4 იანვრის შემდგომ შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან მას შემდგომ იზოლაციაში იმყოფება. საპატრიარქოსთან კავშირში მყოფ სხვა ადამიანებს და სასულიერო პირებს დატესტვის შემდგომ კოვიდინფექცია არ აღმოაჩნდათ. პატრიარქისთვის ტესტის ჩატარების აუცილებლობის შესახებ ეპიდემიოლოგები მსჯელობენ და ისინი გადაწყვეტენ საჭიროა თუ არა უწმინდესისთვის ტესტის ჩატარება. ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებას საპატრიარქო გამოაქვეყნებს“, - განუცხადა Europetime-ს ცისანა შარტავამ.
ექიმის თქმით, შორენა თეთრუაშვილის კოვიდინფიცირებულ კონტაქტს მეუფე ანტონს, პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია, შორენა თეთრუაშვილი კი იზოლაციაში 4 იანვარს გადავიდა, იმავე დღეს როცა მეუფეს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.
პატრიარქის მდივანს კორონავირუსი ტესტის შედეგად დაუდასტურდა