აშშ-ის ჰელსინკის კომისია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა შეაჩეროს რუსეთის მავნე გავლენა და გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისია რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში საუბრობს.
ინფორმაციისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.
„თოთხმეტი წლის წინ, საქართველოში შეჭრით მსოფლიოსთვის ცხადი გახდა რუსეთის ძალადობრივი იმპერიული გეგმები. ყალბი საბაბით თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ჯარებმა ათიათასობით ადამიანის ეთნიკური წმენდა და გაუმართლებელი, უსაფუძვლო ნგრევა განახორციელეს. დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ.
რუსეთი აგრძელებს რა თავის ოკუპაციას და გენოციდს უკრაინაში, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა შეაჩეროს რუსეთის მავნე გავლენა და გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.
რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.
საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.