ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილს კონტრაქტი შეუწყვიტა

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ქართველ პრიმა-ბალერინას ნინო ანანიაშვილს კონტრაქტი შეუწყვიტა.

კონტრატქის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია თეატრმა გაავრცელა და განმარტა, რომ ანანიაშვილს კონტრაქტი, კონფიდენციალური ინფორმაციის დათქმულ ვადაზე ადრე გავრცელების გამო შეუწყვიტეს.

„მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ). თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე - დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინებაა.

ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე

საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება იანვრის შუა რიცხვებში, იმ შეხვედრის შედეგების მიხედვით, რომელიც შედგება НОВАТ-ის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვლადიმირ კეხმანსა და ნინო ანანიაშვილს შორის“, - წერია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებსაიტზე.

ნინო ანანიაშვილმა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრთან თანამშრომლობის შესახებ ქართულ მედიას განუცხადა, რასაც ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ქართველი პრიმა ბალერინა ოკუპნატი სახელმწიფოს თეატრთან თანამშრომლობის გამო გააკრიტიკა.