ევროპარლამენტარი (EPP) ანდრიუს კუბილიუსი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც საქართველოს NATO-ში წევრობისთვის სამოქმედო გეგმა არ მისცეს.
ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, დიდი გეოპოლიტიკური შეცდომაა, რომ „რუსეთის იმპერიული ძალების მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვა.
„ჩვენ ახლა შეგვიძლია, კიდევ უფრო მტკიცედ განვაცხადოთ, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა 2008 წელს, რომ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მიეცა NATO-ში წევრობისთვის, საქართველოს და უკრაინას არ მიენიჭათ ეს გეგმა, რითაც კრემლმა იგრძნო, რომ რაც სურს, იმას გააკეთებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, საქართველო და უკრაინა. იმპერიული, კოლონიური ომი, რომელიც დაიწყო 2008 წელს საქართველოში, იყო ნათელი სიგნალი, რა მოხდებოდა, რა ხდებოდა. შემდეგ, ამას მოჰყვა ყირიმის ოკუპაცია და შემდეგ ვიხილეთ აგრესიული ომი უკრაინაში.
ეს დაიწყო საქართველოდან და გრძელდება დღემდე და იმედი მაქვს, რომ დასავლეთის სამყარომ გაცილებით უკეთესად გაიგო ქართველი ხალხის ტანჯვა, უკრაინელების ტანჯვა, რატომ იტანჯებოდა ეს ხალხი და რატომ იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომ რეაგირება არ მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას 2008 წელს რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ძალიან ნათელი და პირდაპირი გზით. საქართველოში ომის შემდეგ, პუტინთან დიალოგის ძალისხმევა იყო, რაც ძალიან დიდი გეოპოლიტიკური შეცდომაა ", - ამბობს ანდრიუს კუბილიუსი ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით.