დღეს დიდ ქართველ მაესტროს, ფოლკლორისტსა და „ხმების შემგროვებლ“ანზორ ერქომაიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა.
- მისი ყველა საქმე მარადიულობაზე იყო გათვლილი, - იქნებოდა ეს მსოფლიოს ყველა არქივში, თუ საქართველოს არქივებში მიმოფანტული ჩანაწერების ჩამოტანა, მოვლა, გაცოცხლება, აღდგენა, გავრცელება და იქ დაცული უნიკალური შედევრების გადაცემა მომავალი თაობებისათვის; იქნებოდა ეს დიდების თუ ბავშვთა საოცარი ანსამბლების დაარსება, იქნებოდა ეს საოცარი „რუსთავი", რომელთან ერთადაც მან შექმნა ქართული სიმღერისა და საგალობლის შესრულების სრულყოფილი იდეა, სრულყოფილი მოდელი, პარადიგმა, სტანდარტი, რომელზეც ჩვენ ყველას გვაქვს სწორება და რომლითაც მუდამ იამაყებს საქართველო. მისი ყველა საქმე სწორედ მარადისობით იყო ანთებული!
ასე შეაფასა დიდი ქართველი მაესტროს ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი მთაწმინდზე წარმოთქმულ გამოსამშვიდობებელ სიტყვაში სვიმონ ჯანგულაშვილმა.
მუსიკოსი, მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები და პედაგოგი ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია.
გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“.
ანზორ ერქომაიშვილის მიერ ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილი ფასდაუდებელია. მან მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერები მოიძია და გამოსცა; ის გახლდათ ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი. მან არაერთი ნიჭიერი და საამაყო თაობა აღზარდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული გურული ხალხური სიმღერები; მან მიაკვლია 1907 წლიდან 1930 წლამდე შესრულებულ 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას და განახორციელა მათი გამოკვლევა და რესტავრაცია; მოიძია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები, რომელთა შესრულებითაც 100-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა ჩაიწერა.
ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივითა და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ხელშეწყობით დაარსდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი.
ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობითა და საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“.
ანზორ ერქომაიშვილს მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია. ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ანზორ ერქომაიშვილი დაჯილდოებული იყო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.
ასევე გაეცანით
- ,,ანზორ ერქომაიშვილის სახელი კი მარადიულად იბრწყინებს და ასევე - მისი საქმეები, რომლებსაც ის აკეთებდა ისე რომ ისინი ყოფილიყვნენ მარადიულნი"
- ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება
დიდი ქართველი მოღვაწე, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი 2021 წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანზორ ექომაიშვილი 2021 წლის 3 აპრილს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.