აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას 89 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს, რათა ქვეყანას იმ ჰუმანიტარული გამოწვევების გადაჭრაში დაეხმაროს, რომელსაც რუსეთის სასტიკი, აგრესიული ომის შედეგად წარმოქმნილი ფეთქებადი ნივთიერებების ნარჩენები იწვევს. უკრაინის მთავრობის შეფასებით, ფეთქებადი მასალების ნარჩენებით შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიის 160 000 კვადრატული კილომეტრი იყოს დაბინძურებული.
ამასთან, დაფინანსება ხელს შეუწყობს გამნაღმველების დაახლოებით 100 ჯგუფის განთავსებას და წვრთნისა და აღჭურვის მასშტაბური პროექტის განხორციელებას, რათა გააძლიეროს უკრაინის მთავრობის შესაძლებლობა, გაანადგუროს ფეთქებადი საბრძოლო მასალები.
„უკრაინაში რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებულმა შემდგომმა შეჭრამ ქვეყნის დიდი ნაწილი ნაღმებით, აუფეთქებელი ჭურვებითა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით დაფარა. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ისეთი გამოყენება, როგორსაც ჩვენ უკრაინაში რუსი აქტორების მიერ ვხედავთ, ადრე მხოლოდ სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყო დაკავშირებული. ეს ფეთქებადი საფრთხეები ბლოკავს ნაყოფიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას, აჭიანურებს რეკონსტრუქციის მცდელობებს, ხელს უშლის დევნილების სახლებში დაბრუნებას და აგრძელებს უდანაშაულო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობასა და დასახიჩრებას”, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.