ISW განმარტავს, რატომ არ არის „რუსეთი დიდად მოწადინებული“, მის მიერ კონტროლირებად ობიექტებზე თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულოს

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ექსპერტების განცხადებით, რუსეთი დიდად არ არის მოწადინებული, მის მიერ კონტროლირებად ობიექტებზე თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულოს, რადგან ეს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების არაეფექტიანობის დემონსტრირებას ნიშნავს, რაც უკვე გამოავლინა რუსული ხომალდის - „მოსკვას“ ჩაძირვამ.

ინსტიტუტი სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე დაყრდნობით წერს, რომ ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ნოვოფედორივკაში მდებარე საკის საჰაერო ბაზაზე 12 აფეთქება მოხდა. მისივე თანახმად, სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში კვამლის დიდი ღრუბელი და ინციდენტის შემდგომი შედეგები ჩანდა. კადრებმა ასევე აჩვენა დიდი კვამლის ღრუბელი ნოვოლექსიივკას მახლობლად, ჰენიჩენსკის რაიონში, ხერსონის ოლქის-ყირიმის საზღვრის სიახლოვეს. ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის მრჩეველმა სერხი ხლანმა განაცხადა, რომ აფეთქებები რუსულ ბაზაზე მოხდა, მაგრამ აღნიშნა, რომ ინციდენტში უკრაინის მონაწილეობა არ დასტურდება.

მომხდარის შეფასებისას, ინსიტუტი მიუთითებს, რომ „რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამტკიცებდა, რომ ინციდენტი დივერსიის შედეგი იყო და არა სარაკეტო დარტყმის. რუსმა ბლოგერებმა ასევ გამოთქვეს განსხვავებული მოსაზრებები თავდასხმის წარმოშობასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ვარაუდობდა, რომ უკრაინული ძალები იყენებდნენ აშშ-ის მიერ მიწოდებულ შორ მანძილზე მოქმედ იარაღს, თუმცა საგულისხმოა, რომ უკრაინულ ძალებს არ აქვთ ATACMS სისტემები“. 

ამასთან, Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია.

ISW-ს ჯერჯერობით არ აქვს ზუსტი ცნობები, თუმცა გამორიცხავს რუსეთის ოფიციალურ ვერსიას ხანძართან დაკავშირებით, ამასთან, საბოტაჟის და შორი მოქმედების რაკეტებით თავდასხმის ვერსიასაც არ გამორიცხავს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევრების შეფასებით, უკრაინელებს, სავარაუდოდ, შეეძლოთ საკუთარი წარმოების რაკეტების, „ნეპტუნის“ სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ გამოსაყენებლად გარდაქმნა, მაგრამ ამ დროისთვის ამ ჰიპოთეზას ამ დროისთვის ვერ ადასტურებს.