ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო გემი შევიდა

ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო გემი USS Porter შევიდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხომალდი საქართველოს სტუმრობს. უსაფრთხოების და სტაბილურობის მხარდასაჭერად ამერიკული გემი ბათუმის აკვატორიაში 2015 და 2019 წლებშიც იმყოფებოდა.

"ვიზიტის მიზანი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისა და რეგიონული საზღვაო სტაბილურობის გასაძლიერებლად ჩვენს ნატო–ს წევრ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ერთობლივი მზაობისა და საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაა", – ნათქვამია საქართველოში აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

USS Porter მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. მას წყალქვეშა ნავების და ბალისტიკური რაკეტების მოგერიება შეუძლია.

გემი აშშ-ის მეექვსე ფლოტის სხვადასხვა მისიებში მონაწილეობს.