შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.
- შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში - თავდაცვის სამინისტრო
პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას.
„14 წელი შესრულდა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული გმირობის ისტორიიდან - შინდისის ბრძოლიდან. დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას. სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მათი თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან”, - აღნიშნავს ღარიბაშვილი.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.
რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.