საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება.
შინდისის ბრძოლის 14 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და უწყების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს მემორიალი და შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
„14 წლის წინ, აქ ტრაგედია მოხდა, თუმცა დღეს, 14 წლის შემდეგ, ჩვენ ჩვენი გმირებით, მათი ოჯახის წევრებით ამაყი ვართ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ სამშობლოს ასეთი ადამიანები გაუზარდეს. მოხარული ვარ, რომ საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი ყოველ წელიწადს იაზრებს, თუ რა გმირობა ჩაიდინეს მათ ჩვენი სამშობლოსთვის და რა ღვაწლი აქვთ. ეს დღე დაწესდება საზოგადოებისთვის, როგორც ჩვენი გმირების ხსოვნის დღე. როგორც ინდივიდუალურ შემთხვევად, გიორგი ანწუხელიძე არის საქართველოსთვის გამორჩეული გმირი, ასევე ჩვენი შინდისის გმირები არიან ძალიან გამორჩეული გმირები. ჩვენ 1 წელიწადში შევძელით და მონუმენტი ფაქტობრივად დავასრულეთ. ვგეგმავთ, რომ სექტემბერში აღნიშნული მონუმენტი გაიხსნება. ჩვენ მონუმენტის ესკიზის სხვა ვერსიაც გვქონდა, თუმცა ოჯახების თხოვნით და მათთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, რომ არსებული ესკიზი შეგვენარჩუნებინა“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
რაც შეეხება მუზეუმის გახსნას, მინისტრის განცხადებით, მისი მშენებლობა წელს დაიწყება და უახლოეს მომავალში დასრულდება.
ცნობისთვის, შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.