უკრაინაში ომი შესაძლოა, „საკმაოდ გრძელი ამბავი“ იყოს და გაგრძელდეს მომავალი წლის ზაფხულამდე, თუ საუბარია სრულ დეოკუპაციაზე. ეს ვარაუდი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა გამოთქვა. არესტოვიჩის თქმით, რუსეთს მოლაპარაკების დაწყება სურს და დაინტერესებულია, რაც შეიძლება მალე ჩართოს ამაში უკრაინა.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ კაპიტულაციაზე, ამაზე მარტშიც არ იყო ლაპარაკი, მათ ნეიტრალური სტატუსი სურთ (არ შევიდეთ NATO-ში), მტკიცედ სურთ ყირიმი და დონბასი, მზად არიან, ხერსონი დათმონ, 100 %-ით ვარ დარწმუნებული, სანქციების მოხსნაც ძალიან სურთ“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.
თავის მხრივ, პრეზიდენტის აპარატის უფროსის ანდრი იერმაკის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ომის აქტიური ფაზა ზამთრის დაწყებამდე დასრულდეს, რადგან ერმაკის თქმით, უკრაინის თბოენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების რისკები რჩება.
„რუსეთის არმია აგრძელებს ჩვენს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმას. ეს მათი ერთ-ერთი მიზანია, არც მალავენ. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვინდა, მაქსიმალური ზომები მივიღოთ, რათა ომის აქტიური ფაზა შემოდგომის ბოლომდე დასრულდეს“, - განაცხადა იერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ეს რთული და ამბიციური, თუმცა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დეოკუპაციის მიზანი მიღწეული იყოს. შესაბამისად, ამას ვუხსნით ჩვენს პარტნიორებსაც. ისინი იზიარებენ ჩვენს პოზიციას", - დაამატა იერმაკმა.