ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს თეა ზაქარაძესა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში ავტორიტეტული საერთაშორისო საექსპერტო კომპანიის „ADP Ingénierie (ADPI)“ დელეგაციას შეხვდა, რომელიც „ტავ ჯორჯიასთან“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაში თანამშრომლობს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი თამარ არჩუაძე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ADPI-ის წარმომადგენლები უკვე გაეცნენ თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურას და ქვეყნის მთავარი აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობას 2022 წლის ბოლოს დაასრულებენ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო აეროპორტების განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმისა და ავიაციისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებულ თითოეულ აეროპორტს გრძელვადიანი განვითარების გეგმა ჰქონდეს. „თბილისის აეროპორტის განვითარების 20-წლიანი გენერალური გეგმა ექნება და ის მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება, მგზავრთნაკადისა და ტვირთნაკადის ზრდა,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა
„ტავ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის თეა ზაქარაძის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი გენერალური გეგმა საქართველოს სახელმწიფოს 2023 წლის იანვარში გადაეცემა.
„ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება.
საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა.
2017 წელს „ტავ ჯორჯია“ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხივილეს ინვესტორ კომპანიად დაასახელეს.