ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო კანონპროექტების უმეტეს ნაწილს უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებს - სტეფანჩუკი

უკრაინის პარლამენტის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი კანონპროექტების უმეტესი ნაწილი 2022 წლის ბოლომდე მიიღება. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ პროცესის დაჩქარება, არამედ ხარისხი.

„მოუთმენლად ველით ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ჩვენ შევიმუშავეთ პრიორიტეტული კანონპროექტების სია ევროინტეგრაციის სფეროში და ვაპირებთ მათი უმეტესობის დამტკიცებას ამ წლის ბოლომდე“, - თქვა სტეფანჩუკმა.

შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.