თბილისის მეტროს პირველ ხაზზე 13-14 აგვისტოს მატარებლები ზონალური სქემით იმოძრავებენ. სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაო იწყება, რის გამოც, 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები ზონალურად იმოძრავებენ.
„მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“. მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბემდე“ და „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“ . თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, - იტყობინება კომპანია.
მეტროსადგური „გოცირიძე“ 15 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ რამდენიმე კვირით მოითხოვა ვადის გადაწევა, რასაც დავთანხმდით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 11 აგვისტოს განაცხადა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მეტროსადგური 2021 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო.