ევროკავშირის ანგარიში: შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები

ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 

ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

„2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები (მათ შორის სასამართლო სისტემა); ამასთანავე, ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა.

ევროკავშირი აგრძელებდა საქართველოს გვერდში დგომას და უპრეცედენტო და არსებით ზომებს ახორციელებდა საქართველოს დასახმარებლად COVID-19 პანდემიით გამოწვეულ სანიტარიულ და სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში.

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც საქართველოს მიერ გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის შესახებ კომისიის მოსაზრებაში განსაზღვრული პრიორიტეტული საკითხების იქნება გადაწყვეტილი. ეს არის ისტორიული მომენტი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში.

ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად ინკლუზიური და პარტიათა შორის თანამშრომლობის საშუალებით, ევროპის გზით მისი შემდგომი წინსვლისთვის.

ევროკავშირი ამ საქმეში საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში.

გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები აიღოს. 33 განახლებული და სერიოზული ვალდებულება დემოკრატიული კონსოლიდაციისა, სასამართლო რეფორმებისა და ქმედებებისა პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, გადამწყვეტი იქნება.

ასევე საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ძირითადი უფლებების მეტი პატივისცემის უზრუნველსაყოფად, მათ შორის პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოსა და გენდერული თანასწორობის გარანტირების აუცილებლობის ჩათვლით. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.

და ბოლოს, უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური, ეკოლოგიურად დაბალანსებული და მდგრადი ზრდის უზრუნველყოფა და შემდგომი წინსვლა ციფრული კომპეტენციების გასაძლიერებლად და ციფრული წიგნიერების ასამაღლებლად.

შრომის ინსპექციის დამატებითი თანამშრომლებით უზრუნველყოფა და გაფართოებული მანდატი ქმნის შესაძლებლობას გაძლიერდეს ზედამხედველობა შრომის უსაფრთხოებასა და შრომით უფლებებთან დაკავშირებით.

სტრუქტურული რეფორმები გადამწყვეტი რჩება, რადგანაც მათი საშუალებით საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი ხდება საგარეო მოვლენებთან და შოკებთან მიმართებით, და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი და ვაჭრობის პოტენციალი უმჯობესდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და მრავალწლიანი ინდიკატიური პროგრამის მიერ შემოთავაზებულია შესანიშნავი ჩარჩოები ასეთი წინსვლის მისაღწევად“, - ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში პარასკევს გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა.

ის ხელს უწყობს პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, საერთო ღირებულებების პატივისცემას; შეთანხმება ასევე ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობისა და ევროკავშირის მიერ საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, ახლოვდება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მიერ 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის მიღება.

2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია.

კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. ღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.

ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.