ოლივერ ვარჰეი: ბურთი საქართველოს მოედანზეა. დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერების ვალდებულება გადამწყვეტი იქნება

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეი, საქართველოსთან მიმართებით, ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა.

„მას შემდეგ რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და გამოხატა მზადყოფნა კომისიის მოსაზრებაში განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ბურთი საქართველოს მოედანზეა.

დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერების და ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სერიოზული ვალდებულება გადამწყვეტი იქნება.

ევროკავშირი საქართველოს ამ პრიორიტეტების შესრულების ძალისხმევის მხარდაჭერას გააგრძელებს. ასევე გავაგრძელებთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საშუალებით“, - განაცხადა ვარჰეიმ.

ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.


ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა.

2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია.

კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. ღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.

ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

გაეცანით Europetime-ის სტატიას