ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი საქართველოსთან მიმართებით, ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა.
ჯოზეფ ბორელმა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2021 წელს საქართველომ უკან დაიხია ისეთ სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები.
„საქართველომ რეფორმების გზით სვლა რთულ ვითარებაში გააგრძელა, COVID-19 პანდემიის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის, დაძაბული პოლიტიკური გარემოს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე.
თუმცა, ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები. როდესაც საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, მის ხელთ არსებული ევროპული პერსპექტივით, ქვეყანამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობიანი და კეთილსინდისიერი მიდგომა, რომელიც მის მიერ გაცხადებულ მიზნებსა და მოქალაქეთა მისწრაფებებს შეესაბამება“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა.
2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია.
კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. ღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.
ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გაეცანით Europetime-ის სტატიას