უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც იტყობინება, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე აქტიურად მუშაობს, რათა ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეებმა თავისი წილი პასუხისმგებლობა იგრძნონ
„ვემზადებით აგვისტოს მეორე ნახევრის ძალიან აქტიური კვირებისთვის - მოლაპარაკებები, შეხვედრები, ყირიმის პლატფორმა, ახალი მიმართვები უცხოური საზოგადოებებისთვის, საერთაშორისო სამართლებრივი აქტივობა - ჩვენი ინიციატივით.
ამ კვირაში გავაგრძელებ ჩვენი კავშირების გაფართოებას აფრიკის ქვეყნებთან და ლათინური ამერიკის რეგიონთან. ხვალ ევროპულ დონეზე მნიშვნელოვანი კონტაქტები შედგება. რამდენიმე დღეში კიევში სამუშაოდ ჩამოსული უცხო ქვეყნების ელჩების რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა გლობალურ პოლიტიკაში გარკვეული პაუზაა - აგვისტოა, უკრაინისთვის, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, პაუზები არ ყოფილა და არც იქნება.
ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რათა ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეებმა თავისი წილი პასუხისმგებლობა იგრძნონ. რუსული პასპორტების მფლობელებისთვის ევროპაში სავიზო შეზღუდვის შესახებ დისკუსია დღითიდღე ფართოვდება, მას ახალი სახელმწიფოები და ახალი პოლიტიკოსები უერთდებიან. საბოლოო ჯამში, ამას შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მოჰყვეს.
ყველა ეს ველური აუცილებლად აგებს პასუხს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, როცა ბოროტება ასეთ მასშტაბებს იღებს, ადამიანების დუმილი თანამონაწილეობას უტოლდება. და, ბოროტების წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლის უარყოფა მის ხელშეწყობას ნიშნავს.
ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, ეს ნიშნავს, რომ არ იბრძვით, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ მის აგრესიას. სადაც არ უნდა იყოთ - როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, თქვენი ხმა უნდა ისმოდეს უკრაინის მხარდასაჭერად და, შესაბამისად, ამ ომის წინააღმდეგ“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში უკრაინის უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობის გაგრძელების და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„უკრაინა ყოველთვის სურს და სურდა მშვიდობა. რუსეთის ხელმძღვანელობას ომის დასრულება და უკრაინული მიწის ოკუპაციისგან გათავისუფლება სხვადასხვა მოლაპარაკების ფორმატებში არაერთხელ შევთავაზეთ.
მაგრამ ჯერჯერობით, რუსეთს სჯერა ტერორის, თავისი პროპაგანდისტული ილუზიების მარწუხებში რჩება და მაინც იმედოვნებს, რომ რაღაცის მიღწევა სხვადასხვა სახის შანტაჟის გზით შესაძლებელია. თუმცა მინდა გითრათ, ეს ასე არ იქნება.
ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი, უნდა ვუპასუხოთ ტერორის ყოველ გამოვლინებას, დაბომბვის ყველა შემთხვევას - სასტიკ დაბომბვას, რომელიც არცერთი დღე არ წყდება.
სამწუხაროდ, დანაკარგები გვაქვს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა დონესა და ყველა ფრონტზე, მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო, შევინარჩუნოთ ჩვენი ერთიანობა და კიდევ უფრო მეტი ქვეყანა მოვიზიდოთ ჩვენს ომის საწინააღმდეგო კოალიციაში.
რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა, მით უფრო სუსტი იქნება რუსეთი და შესაბამისად, ეს ომი მით უფრო ნაკლებ ხანს გაგრძელდება.
ყველამ უკრაინაში, ყველამ თავისუფალ სამყაროში უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ, რათა რუსეთმა და ომის მომხრეებმა კიდევ უფრო დიდი ფასი გადაიხადონ რუსესთის სახელმწიფო ტერორისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.