იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს. ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ ჩავთვლით, რომ შემთხვევების მატება ივნისის ბოლოს დაიწყო მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს შემთხვევები შემცირდეს. ვფიქრობთ, მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა შემთხვევების პიკი იყოს. შემდეგ უკვე აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს. ბოლო 3 კვირა ტემპი შემცირებულია, მაგრამ რა თქმა უნდა, გაზაფხულთან შედარებით ეს ციფრი მაღალია.
ჯანმო ოქტომბერ-ნოემბერს განიხილავს, როგორც კორონავირუსის მატების შესაძლო პერიოდს. ამის უკან დგას იმუნიტეტის შემცირება. სექტემბერში შემთხვევების მატება არ უნდა იყოს. წინ გვაქვს შემოდგომა და ზამთარი, როდესაც პროგნოზირებადია შემთხვევების მატება“,- განაცხადა ჩხაიძემ.