რუსეთის ძირითადი პარტნიორები არიან აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს, ფორუმზე „არმია-2022“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ვაფასებთ, რომ რუსეთს ბევრი პარტნიორი ჰყავს სხვადასხვა კონტინენტზე - ეს სახელმწიფოები ე.წ. ჰეგემონიას არ ემორჩილებიან. რუსეთი აფასებს თავის კავშირებს ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი „მრავალფეროვანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ყოვლისმომცველ განვითარებას ემხრობა“, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „სტაბილურად განვითარებადი მულტიპოლარული სამყაროს პირობებში“.
თავის გამოსვლაში პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული იარაღი მნიშვნელოვნად აღემატება დასავლურ ანალოგებს.
რუსეთის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ „საუბარია მაღალი სიზუსტის იარაღსა და რობოტიკაზე, ასევე საბრძოლო სისტემებზე, რომლებიც ახალ ფიზიკურ პრინციპებზეა დაფუძნებული“.