ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე, ყოფილმა მეუღლემ ჩვენება მისცა, ბრალდებებს უპასუხა ჩოგბურთელმაც

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ნეკა დოროყაშვილმა ჩვენება მისცა, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო.

ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეოჩანაწერი წარმოადგინა, რომელშიც ისმის საუბარი, როგორ მიმართავს ის ყოფილ მეუღლეს კითხვით - რატომ ძალადობდა მასზე.

დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ  ჩანაწერი 2018 წლითაა დათარიღებული, როცა მათ შორის კპნფლიქტი აშშ-ში, სასტუმროში ყოფნისას მოხდა და ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაარტყა ჩანთა, რომელშიც ჩოგნები იდო.

ამ ჩანაწერთან დაკავშირებით მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილს სთხოვა, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი, რა დროსაც მან ძალადობის ფაქტი უარყო და აღნიშნა - „ასეთ სისულელეზე” როგორ ჩაერთვება, რადგანაც ვიდეოში არაფერი ჩანს“.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით გულისხმობს.

მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.