ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა განაგრძოს. ევროკომისრის განცხადებით, თავის მხრივ, ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.
„საქართველო რეფორმებისა და ევროინტეგრაციის კურსს განაგრძობს. საქართველომ სერიოზულად უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული კონსოლიდაცია, განახორციელოს სასამართლო რეფორმები, განამტკიცოს კანონის უზენაესობა და გააძლიეროს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს“, - აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.
ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ყოველწლიური ანგარიში 13 აგვისტოს გამოაქვეყნა.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა.
2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია.
კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.
ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გაეცანით Europetime-ის სტატიას