იაპონიაში ქართველმა კარატისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი წარმატებით იასპარეზეს, საერთო ჯამში 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შოტოკან კარატეს ფედერაციის გუნდი ავრცელებს.
„იაპონიაში ქართველმა კარატისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი წარმატებით იასპარეზეს, საერთო ჯამში 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ჭაბუკა მახარაძემ უფროსებს შორის ინდივიდუალურ კატასა და კუმიტეს აბსოლუტურ კატეგორიებში I ადგილი და 2 ოქროს მედალი მოიპოვა და ამ გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული თავის სპორტულ კარიერაში უკვე მეოთხედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ტოკიოში შოტოკან კარატე დოს მსოფლიო ჩემპიონატზე მან 2015 წელს ინდივიდუალურ კატაში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. წარმატებით იასპარეზა ვეტერანთა შორის ნოდარ ხაჩიშვილმა, რომელმაც ინდივიდუალურ კუმიტეში I ადგილი და ოქროს მედალი აიღო, ინდივიდუალურ კატაში კი ვერცხლს დასჯერდა.
ჭაბუკა მახარაძე არის მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული სპორტსმენი და წარმატებული ინსტრუქტორი, არის შავი ქამრის V დანის მფლობელი, საქართველოს შოტოკან კარატე კონფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი. საერთაშორისო ტურნირებზე ის 2000 წლიდან რეგულარულად წარმატებით ასპარეზობს, მოპოვებული აქვს ყველა სინჯის: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, საერთო ჯამში 100-ზე მეტი მედალი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.