"სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველი ჯგუფების ჩართულობა საშუალებას იძლევა, ომბუდსმენის თანამდებობაზე დამოუკიდებელი და პროფესიონალი ადამიანი შეირჩეს", - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სამოქალაქო სექტორის შეთავაზება მიმართულია იმისკენ, რომ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი სახალხო დამცველის შერჩევა შეძლონ.
„სამოქალაქო სექტორის შეთავაზება მიმართულია იმისკენ, რომ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა შევძლოთ. ჩვენ ეს პროცესი ერთხელ გავიარეთ და ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც იგივე პროცესს ვთავაზობთ, რომელმაც 5 წლის წინ კარგ შედეგებამდე მიგვიყვანა. შესაბამისად, ჩვენი ეს შეთავაზება არ არის ახალი გამოგონება, ეს არის ძველი გამოცდილი გზა, რომელსაც პარტიებს კვლავ ვთავაზობთ. ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სახალხო დამცველი არა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ შეირჩეს ან გარიგებით, არამედ შეთანხმებით იყოს შესაძლებელი რეალურად დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა“,- განაცხადა სიმონიშვილმა.
ცნობისთვის, სამოქალაქო სექტორი სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესს იწყებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, ერთობლივად შეიმუშაონ ომბუდსმენის კანდიდატობის ნომინირების წესი.