ელჩი დეგნანი „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე: ბრალდებები არის გაუაზრებელი და კონსპირაციულ თეორიებს ეფუძნება

აშშ-ის ელჩისთვის გაუგებარია, რატომ არის წინააღმდეგობა საქართველოს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი კონსულტაციების საგანია უკვე დიდი ხანია და ყველა პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ რეფორმა უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მორიგ განცხადებაზე ჰკითხეს. 

„ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან თანამშრომლობს სასამართლო რეფორმის განხორციელების მიმართულებით და ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. იყო კარგი ძალისხმევა ამ კუთხით, მაგრამ ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ დამატებით, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს. ამაზე თანხმდებოდა პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელი.

არ მესმის, ახლა რატომ არის წინააღმდეგობა ამ რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით, რადგან ამ საკითხზე მუშაობს არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რიგი ექსპერტებიც არიან ჩართულნი და ჩემთვის ცოტა დამაბნეველია, რატომ არის ასეთი დამოკიდებულება ამ საკონსულტაციო პროცესთან მიმართებით, რომლის მთავარი მიზანიც სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაა, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში და რაზეც აღვნიშნე, რომ პროგრესი მიღწეულია.

ამასთან დაკავშირებით, მზაობა არაერთხელ დააფიქსირეს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა და ეს არიან ის ორგანიზაციები (ვენეციის კომისია, OSCE/ODIHR), რომლებიც მუშაობენ სამართლებრივ საკითხებზე არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიოს მასშტაბით და მათი რეკომენდაციები ეხება იმას, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემა. ამ საკითხზე მსჯელობა აქამდეც ხშირად ყოფილა, მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების პროცესშიც და ასევე სხვა დროსაც“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ ასევე განაცხადა, რომ მან არ იცის, ვის წარმოადგენს ხსენებული ჯგუფი ( „ხალხის ძალა“, რედ.).

„არ ვიცი, რას და ვის წარმოადგენს ეს ჯგუფი, არ ვიცი რამდენად განსხვავდებიან ისინი მმართველი პარტიისგან, რომელიც, მათი თქმით, დატოვეს. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დროს, ის ბრალდებები, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ ისმის, არის უგუნური და კონსპირაციული თეორიები, რომლებიც ფაქტებს არ ეფუძნება.

ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ შეერთებული შტატები მუშაობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ყველა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელთან. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკის განვითარებაში, იმის უზრუნველყოფაში, რომ ის უფრო დაცული და სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა იყოს.  ეს არის ის, რასაც ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვაკეთებთ უკვე 30 წელია და მომავალშიც განვაგრძობთ იგივე საქმიანობას“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.

კელი დეგნანის განცხადებით, ნებისმიერი ბრალდება, რომ შეერთებული შტატები არის პასუხისმგებელი პოლარიზაციაზე, რომელიც საქართველოში არსებობს, პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანის მცდელობაა მათგან, ვინც იციან, რომ პასუხისმგებლები თავად არიან. ელჩის განმარტებით, დასავლელი პარტნიორები 30 წელზე მეტია, ცდილობენ დაეხმარონ საქართველოს ევროპულ გზაზე.

„შემიძლია ვთქვა, ჩემი ორნახევარწლიანი აქ მუშაობის დროს, ყოველდღიურად ვცდილობ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გავაერთიანო, რომ შევამციროთ ის ღრმა პოლარიზაცია, რაც აქ არსებობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ქართველებმა გაიხსენონ, საიდან დაიწყო ეს პოლარიზაცია სამი-ოთხი წლის წინ. „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები, ანტიდემოკრატიული ქმედებები - აქედან წამოვიდა ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც საქართველოს ამ ღრმა პოლარიზაციის გადალახვაში მხოლოდ ეხმარებიან.

პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები უნდა ფოკუსირდნენ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, კარგი განათლება, უკეთესი ჯანდაცვა და განსაკუთრებით, ის 12 რეკომენდაცია, რომლებიც ევროკავშირმა გასცა, მოიცავს იმ დაპირებებს, რაც საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მანამდეც თქვეს, რომ შეასრულებდნენ. ახლა არის სწორედ დრო, რომ გვერდით გადაიდოს აზრთა სხვადასხვაობა და ფოკუსირდეთ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.


შეგახსენებთ, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი რომლებმაც „ქართული ოცნებიდან“ გასვლის შემდეგ, მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს, 16 აგვისტოს გავრცელებულ მორიგ განცხადებაში კვლავ ამერიკის საელჩოს აკრიტიკებენ და წერენ, რომ „აშშ-ის საელჩომ პარლამენტს წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც „დამატებით ამყარებს მათ დასკვნას, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული“.