- „პოლარიზაცია „გავრილოვის ღამემ“, შეუსრულებელმა დაპირებებმა და არადემოკრატიული ქმედებებმა გამოიწვიეს და არა დასავლელმა პარტნიორებმა
აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ნებისმიერი ბრალდება, რომ შეერთებული შტატები არის პასუხისმგებელი პოლარიზაციაზე, რომელიც საქართველოში არსებობს, პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანის მცდელობაა მათგან, ვინც იციან, რომ პასუხისმგებლები თავად არიან.
ელჩის განმარტებით, დასავლელი პარტნიორები 30 წელზე მეტია, ცდილობენ დაეხმარონ საქართველოს ევროპულ გზაზე. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა განაცხადა, როდესაც „ქართული ოცნებიდან“ წასული 4 დეპუტატების მორიგ განცხადებაზე ჰკითხეს.
„შემიძლია ვთქვა, ჩემი ორნახევარწლიანი აქ მუშაობის დროს, ყოველდღიურად ვცდილობ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გავაერთიანო, რომ შევამციროთ ის ღრმა პოლარიზაცია, რაც აქ არსებობს. მნიშვნელოვანია, ქართველებმა გაიხსენონ, სამი-ოთხი წლის წინ, საიდან დაიწყო ეს პოლარიზაცია. „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები, ანტიდემოკრატიული ქმედებები - აქედან წამოვიდა ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც საქართველოს ამ ღრმა პოლარიზაციის გადალახვაში მხოლოდ ეხმარებიან.
პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები უნდა ფოკუსირდნენ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, სამუშაო ადგილები, კარგი განათლება, მაღალი ფასები, უკეთესი ჯანდაცვა და ის 12 რეკომენდაცია, რომლებიც ევროკავშირმა გასცა, მოიცავს იმ დაპირებებს, რაც საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მანამდეც თქვეს, რომ შეასრულებდნენ, ახლა არის სწორედ დრო, რომ გვერდით გადაიდოს აზრთა სხვადასხვაობა და ერთად იმუშაოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ამ დეპუტატების მხრიდან წამოსული ბრალდებები არის გაუაზრებელი და ფაქტებს არ ეყრდნობა.
შეგახსენებთ, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი რომლებმაც „ქართული ოცნებიდან“ გასვლის შემდეგ, მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს, 16 აგვისტოს გავრცელებულ მორიგ განცხადებაში კვლავ ამერიკის საელჩოს აკრიტიკებენ და წერენ, რომ „აშშ-ის საელჩომ პარლამენტს წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც „დამატებით ამყარებს მათ დასკვნას, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული“.
აშშ-ის ელჩისთვის გაუგებარია, რატომ არის წინააღმდეგობა საქართველოს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი კონსულტაციების საგანია უკვე დიდი ხანია და ყველა პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ რეფორმა უნდა გაგრძელდეს.