ბიძინა ივანიშვილი: ჩემი პოლიტიკაში მოსვლის ორი მიზეზი მიღწეულია

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2011 წელს პოლიტიკაში მისი მოსვლის მიზანი ორი ამოცანის შესრულება იყო და ეს მიზანი უკვე მიღწეულია.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩემი ორივე ამოცანა წარმატებით დაგვირგვინდა. პირველი ამოცანა იყო მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი, არაჰუმანური და არადემოკრატიული რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება, რადგან ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე იმდროინდელ ოპოზიციას არ ჰქონდა ხელისუფლების შეცვლის არანაირი რესურსი.

ჩემი მეორე მიზანი იყო ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას და, მით უმეტეს, ხელისუფლების შენარჩუნებას, საზოგადოება აღიქვამდა მისდამი დასავლეთის მხარდაჭერად. ეს ავტომატურად განაპირობებდა მკვეთრ აგრესიას ქვეყნის დასავლური ორიენტაციისადმი. სწორედ ამან შექმნა საქართველოს საპირისპირო ორბიტაზე გადანაცვლების საშიშროება. ამავე დროს, დასავლეთისთვის სულ უფრო ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელიც კი ხდებოდა დემოკრატიის ფასადს ამოფარებული დიქტატურის მხარდაჭერა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტვირთი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, დაბადებამ და გამარჯვებამ ჩამოხსნა.

მოძალადე რეჟიმი უსისხლოდ, არჩევნების გზით ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების რვაწლიან პერიოდს. ორივე ამოცანა წარმატებით დაგვირგვინდა “, - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.