ბიძინა ივანიშვილი: სამწუხაროდ იყო ხარვეზები და გადაცდომებიც

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ობიექტურ მიზეზებთან ერთად, იყო ხარვეზები და გადაცდომებიც.

ამის შესახებ ,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში წერს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა, გულწრფელი ბოდიში სურს მოუხადოს მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან.

"ბოდიშს ვუხდი მათ ვინც ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფ გაუმჯობესებას ელოდა და იმედი გაუცრუვდა. დღევანდელი სიღარიბე იმ უწყვეტი დაღმასვლისა და კატაკლიზმების შედეგია, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის განმავლობაში გამოიარა. ჩვენ მოვახერხეთ და შევაჩერეთ ვარდნა, დასაბამი მივეცით პროგრესს და შევამცირეთ სიღარიბე, რომლის საბოლოო დაძლევას ხელისუფლების თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია და გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება. რასაკვირველია, ყველაფერი ისე ან იმ ხარისხით არ გამოგვივიდა, როგორც ჩავიფიქრეთ და ყველა ერთად რომ ველოდით", - წერს ივანიშვილი განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელა.