ლვოვში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანდასწრებით მოეწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს ინფრასტრუქტურის აღდგენის შესახებ, რომელიც უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში თურქეთის მონაწილეობას ითვალისწინებს.
პირველ პროექტად განიხილება კიევის რეგიონის სოფელ რომანივკაში ხიდის აღდგენა, რომელიც ქალაქ ბუჩასა და ირპენს დედაქალაქთან აკავშირებს.
უახლოეს მომავალში შეიქმნება ერთობლივი უკრაინულ-თურქული სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულ პროექტებში თურქული ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, მექანიზმები შემუშავდება.
ხსენებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუსმა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა უკრაინის ქალაქ ლვოვში, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ.
„შეთანხმება ითვალისწინებს თურქული მხარის მონაწილეობას უკრაინის აღდგენის პროცესში“, - ნათქვამია უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
„თურქული ბიზნესი და სამთავრობო სტრუქტურები შეძლებენ, განავითარონ კონკრეტული რეკონსტრუქციის პროექტები, ასევე, გასწიონ საკონსულტაციო და ტექნიკური დახმარება“, - აღნიშნავს უკრაინული მხარე.