აშშ-ში, 96 წლის უფლებადამცველი და დისიდენტი, იური ორლოვი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი სერგეი კოვალიოვი ავრცელებს.
ორლოვი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, საბჭოთა არმიაში პრაღაში მისი შემოსვლის დროს ირიცხებოდა.
მოსკოვის უნივერსიტეტში ფიზიკა-ტექნიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ის საბჭოთა საიდუმლო ბირთვულ ლაბორატორიაში საქმიანობდა. 1956 წელს ის სამსახურიდან დაითხოვეს, ჩამოართვეს საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის უფლება და გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან სოციალ-დემოკრატიული იდეების გამო.
მოგვიანებით ის მუშაობდა დედამიწის მაგნეტიზმის, იონოსფეროს და რადიოტალღების გავრცელების ინსტიტუტში, საიდანაც დაითხოვეს აკადემიკოს სახაროვის მხარდაჭერის გამო.
ორლოვი იყო Amnesty International-ის საბჭოთა ჯგუფის წევრი. მან 1976 წელს დააარსა „მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი" და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი.
იური ორლოვი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში აქტიურობის გამო იდევნებოდა საბჭოთა უშიშროების სამსახურის მიერ. ანტისაბჭოთა პროპაგანდის ბრალდებით მას 1977 წელს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს შემდგომი გადასახლებით.
ორლოვს 1986 წელს ჩამოართვეს საბჭოთა მოქალაქეობა და გაასახლეს საბჭოთა კავშირიდან, გაცვალეს აშშ-ში დაკავებულ საბჭოთა მზვერავზე.
ორლოვი ავტორია ავტობიოგრაფიული რომანისა „სახიფათო აზრები“.