ანრი ოხანაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: არ არის დემოკრატიული ლიდერის თვისება, როდესაც მას აქვს ამბიცია პოლიტიკაში მუდმივად დარჩეს

"ეს არის სრულიად განსხვავებული დემოკრატიული და მორალური სტანდარტი - იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ სწრაფვა, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში როცა ხარ პარტიის თავმჯდომარე და უარს ამბობ იმ თანამდებობაზე, რა თანამდებობაც ეკავა მას", -ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პარტიისა და თავმჯდომარეობის დატოვებასთან დაკავშირებით.

როგორც ანრი ოხანაშვილის აცხადებს, ყველა კითხვას პასუხი ივანიშვილმა გამოქვეყნებულ წერილში გასცა.

„ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება პასუხობს ყველა იმ საკითხსა და შეკითხვას, რომელიც ისმება, თუ რატომ შემოვიდა პოლიტიკაში და ასევე ის, რომ მას არასდროს ჰქონია პოლიტიკაში მუდმივად დარჩენის მიზანი.

არ არის დემოკრატიული ლიდერის თვისება, როდესაც მას აქვს ამბიცია პოლიტიკაში მუდმივად დარჩეს. ეს არის ავტოკრატიისა და ტირანიისკენ მიმართული ლიდერის მიდგომა, როდესაც ადამიანს აქვს ამბიცია მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში, რა არაჯანსაღი ამბიციაც 2012 წლამდე არსებულ ხელისუფლებასა და მათ ლიდერებს ჰქონდათ.

ყველა კითხვაზე პასუხი მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში არის გაცემული. ივანიშვილმა მისი ძალიან დიდი და ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამას შეაფასებს საზოგადოება ეტაპობრივად და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესისთვის ის ნაბიჯი, რაც მან გადადგა. ეს არის სრულიად განსხვავებული დემოკრატიული და მორალური სტანდარტი, რომ იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ სწრაფვა", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, იყო თუ არა სწორი დრო შერჩეული ივანიშვილის მიერ პარტიის დასატოვებლად, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.

„წერილში დასმული საკითხები და ამ შეკითხვებზე გაცემული პასუხები მიუთითებს იმაზე თუ რა დროს ჩათვალა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილების მიღება, როდის იყო საჭირო. საკითხი არის პერსონალური და ისეთი საკითხი, რომელსაც ყველა იღებს თვითონ.

ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა და საზრუნავი იყო ხალხისა და ქვეყნის მსახურება, რასაც ის დიდი ძალისხმევით ეწეოდა და ახორციელებდა. ყველა მომსწრე ხართ მისი უპრეცედენტო საქველმოქმედო საქმეების.

მან შექმნა დემოკრატიის განვითარების ძალიან მყარი ფუნდამენტი, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და შექმნის. ეს არის წარმოუდგენელი რამ როცა ხარ ხელისუფლებაში და გაქვს მორალური სტანდარტი, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში დატოვო კონკრეტული თანამდებობა. არ გქონდეს სწრაფვა ძალაუფლების შენარჩუნებისკენ. ეს არის მორალურობის და დემოკრატიის მაღალი სტანდარტი"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვას ვინ იქნება პარტიის მომდევნო თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს და შესაბამისად, საზოგადოებაც გაიგებს.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.