მაცხოვრის ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ ღვთისმსახურება ჩაატარა და ტაძარში შეკრებილებს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა.
„გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, უფალმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ჩვენც ისე ვიცხოვროთ ამ წუთისოფლის წყვდიადში, რომ შეძლებისდაგვარად ვანათებდეთ ჩვენი სულებით, ამისთვის ვართ ჩვენ მოწოდებული, ხოლო გარდაცვალების შემდეგ როგორც ამბობს უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, "ვბრწყინავდეთ, როგორც მზე ჩვენი ზეციური მამის სასუფეველში!"-აღნიშნა მეუფე შიომ.
ცნობისთვის, ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.
როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს, თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.