პროკურატურამ, ავლევში ქალის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, მეუღლეს ბრალდება წარუდგინა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 აგვისტოს, ბრალდებულმა მეუღლე ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით დაახრჩო. სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გარდა ამისა, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.