ბელარუსში სამართალდამცავებმა ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებზე 350-ზე მეტი პირი დააკავეს

ბელარუსში კვირას გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა 350-ზე მეტი პირი დააკავეს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა.

სააგენტო წერს, რომ პოლიციამ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებზე შეკრებილი ათასობით მოქალაქის დასაშლელად ხმოვან-მანათობელი ყუმბარები და ცრელმსადენი გაზი გამოიყენა, დაკავებულებს კი პოლიციის ფურგონებში ძალით სვამდნენ.

ცნობისათვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. მოქალაქეები, რომლებიც უკვე 7 კვირაა პროტესტის გამოსახატად იკრიბებიან, არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობენ და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. სამართალდამცავებმა აქციები არაერთხელ დაშალეს და დაარბიეს, რა დროსაც, ათასობით დემონსტრანტი დააკავეს.