საქართველოში ჯერჯერობით კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა დადასტურებული არ არის.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„საქართველოში დადასტურებული შემთხვევა ჯერ ნამდვილად არ არის, პირველი ნიმუში უნდა იყოს გენეტიკური სეკვენსი ვირუსის, მეორე შემთხვევაში უნდა იყოს ვირუსის სეკვენსი გაკეთებული. თქვენ ალბათ გახსოვთ შემთხვევები, რაც მართლა რეალობაა, როდესაც ადამიანი სამი თვის განმავლობაში იყო დადებითი.
ასეთი შემთხვევები ბევრია. თუ ადამიანს სამი თვის შემდეგ კიდევ ვირუსი დაუდგინდა, ეს არ ნიშნავს რეინფიცირებას“, – განაცხადა იმნაძემ და აქვე დასძინა, რომ საქართველოში ათ შემთხვევას სწავლობენ.
„აქედან მოძიებულია ორი შემთხვევის ყველა ნიმუში და მათი სეკვენირება დაწყებულია, ვნახავთ, ყველაფერს სჭირდება სამეცნიეირო მტკიცებულება“, – აღნიშნა იმნაძემ.