კახა კალაძე: ბედნიერი ვარ, რომ როცა პოლიტიკაში ჩემი კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ამ გზის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია

"ბედნიერი ვარ, რომ როცა პოლიტიკაში ჩემი კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ამ გზის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია", - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსლში თბილისის მერი კახა კალაძე ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას.

"როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, მისი პირველი განაცხადი იყო, ნებისმიერი საქმის კეთება სუფთა ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე.ეს მისი ცხოვრების წესია და არასდროს დაუმალავს, რომ პოლიტიკაში შემოსვლა მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისთვის სასიცოცხლო აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. ბიძინა ივანიშვილის მთავარი დაპირება იყო არა ვინმეს დამარცხება და შურისძიება, არამედ საქართველოს გამარჯვება და წინსვლა.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთი ღია წერილით მიმართა საზოგადოებას, მთელს პოლიტიკურ სპექტრს, ოცნების ამომრჩეველს და პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს".მისი განცხადება პარტიის დატოვების და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მოცულობითად ასახავს ყველაფერს რაშიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს მონაწილეობა მიღებული, რისი შემოქმედიცაა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და რა როლი ითამაშა მან და მისმა შემქნილმა პარტიამ ქვეყნის ცხოვრებაში გასული რვა წლის გამვალობაში.

მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო დემოკრატიის ხარისხის ზრდა, სიტყვის თავისუფლების ხელშეუხებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო რეფორმა, რომელმაც ქვეყანა მაქსიმალურად გაარიდა ავტოკრატიული რეჟიმების შექმნის საფრთხის კრიტიკულ ზღვარს. საპარლამენტო რესპუბლიკა, საპრეზიდენტო ინსტიტუტის ფუნქციების სწორედ განსაზღვრა, პროპორციული არჩევნები... ეს არის ის უდიდესი დამსახურება, რასაც მე პირადად ამ ადამიანის პოლიტიკურ და სამოქალაქო ნებას, პოზიციას მივაკუთვნებ და ამის ფასს კიდევ უფრო კარგად დაინახავს მთელი საქართველო, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, მეგობრები, უკლებლივ ყველა, ვისაც აინტერესებს და გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას.

ბედნიერი ვარ, რომ როცა პოლიტიკაში ჩემი კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ამ გზის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია და მომეცა საშუალება არა მარტო რეჟიმის დემონტაჟში მიმეღო მონაწილეობა, არამედ თვისობრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაშიც.დიდი მადლობა მას, ვინაიდან ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული.ბიძინა ივანიშვილის როლი შეუფასებელია და ვფიქრობ ის ნდობა და მადლიერება, რასაც ჩვენი მოქალაქეები წლებია "ქართული ოცნების" მხარდაჭერით გამოხატავენ, არის საუკეთესო შეფასება.

ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად და ბოლოს, დიდი მადლობა, მისი გუნდის სახელით, გამოცხადებული ნდობისთვის , ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მიზნების დასახვისთვის და ამ მიზნისკენ სავალი დემოკრატიული გზებისა და საშუალებების ჩამოყალიბებისთვის", - წერს კალაძე პირად გვერდზე.