სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე ესკორტის ოფიცერი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე,  სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილების ესკორტის ოფიცერი დააკავეს. ინფორმაციას, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

ჩვენს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2022 წლის 18 აგვისტოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან - ქ. თბილისში, პ. ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ გადაყვანილ იქნა ბრალდებული, რომელსაც ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროებოდა. პატიმარი მოთავსებულ იქნა ხსენებული ცენტრის მე-3 სართულზე მდებარე №308 სამედიცინო ოთახში, სადაც მასზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა უწყვეტად მიმდინარეობდა.

2022 წლის 20 აგვისტოს, 09:31 საათზე, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, სადაც სამედიცინო ოთახებში განთავსებული იყვნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს ესკორტის ოფიცერი, სამსახურებრივი - საშტატო იარაღით წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა. გარდა აღნიშნულისა, ხსენებულმა ოფიცერმა პალატიდან დერეფანში გამოსული პატიმარი დატოვა ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე, რომლისთვისაც უნდა მიეთითებინა, რომ შესულიყო მისი განთავსების სამედიცინო ოთახში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა განთავსების სივრცე.

ოფიცრის აღნიშნული დაუდევარი მოქმედების შედეგად, პატიმარი მიეპარა მას და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა და ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე იმისათვის, რომ მომხდარი ფაქტი არ დარჩეს ბუნდოვანი და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, სამსახურმა ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერის იმ მონაკვეთს, სადაც ასახულია ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანების მიყენების ფაქტი, სამსახური კადრების სიმძიმიდან გამომდინარე მისი საჯაროდ ჩვენებისგან თავს შეიკავებს. ეს ჩანაწერი ბრიფინგის დასრულების შემდეგ წარედგინება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.