უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან კავშირების გასაძლიერებლად კიევმა ახალი ინიციატივა წამოიწყო.
ზელენსკის თქმით, დღეს დაარსდა ახალი დიპლომატიური და უსაფრთხოების ფორმატი - „კიევის ინიციატივა“.
„მის მუშაობაში უკვე მონაწილეობენ უკრაინის ევროპელი მეზობლები - პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ეტაპობრივად ჩავრთავთ სხვა ქვეყნებს. „კიევის ინიციატივის“ ფორმატში მუშაობა მიმდინარეობს სახელმწიფოს მეთაურების საგარეო პოლიტიკის მრჩევლების დონეზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ინიციატივას უწოდა „ძალიან პერსპექტიული ხაზი ევროატლანტიკური მიმართულებით“.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს, მიიღონ სანქციების მერვე პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ.
„რაც უფრო დიდია ინტერვალი სანქციების პაკეტებს შორის, რუსეთის თავხედობას მით უფრო არ აქვს საზღვარი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.