კიევის ინიციატივა, უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალი ფორმატი, ძალიან პერსპექტიული ძალისხმევაა ევროატლანტიკური მიმართულებით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, შეიქმნა ახალი დიპლომატიური და უსაფრთხოების ფორმატი, კიევის ინიციატივა.
ფორმატის მუშაობაში უკვე მონაწილეობენ უკრაინის ევროპელი მეზობლები - პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ზელენსკიმ დაამატა, რომ ინიციატივას სხვა სახელმწიფოები თანდათან შეუერთდებიან.
„ეს ფორმატი საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ თანამშრომლობა რეგიონში და ერთობლივად დავიცვათ ჩვენი ინტერესები, პირველ რიგში, უსაფრთხოების ინტერესები. ეს არის ჩვენი ძალისხმევის ძალიან პერსპექტიული ხაზი ევროატლანტიკური მიმართულებით", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.