არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურია

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას აფასებს და დასძენს რომ ახალი თავმჯდმარის ასარჩევად პარტიის ყრილობა უახლოეს მომავალში დაინიშნება.

თალაკვაძის თქმით, გაწეული სამუშაოს ფონზე, სრულიად ლოგიკურია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ახალ გუნდს, რომელმაც უკვე გამოიარა გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება, გადასცეს მთელი პასუხისმგებლობა მართვაზე.

„საზოგადოებას „ქართულ ოცნებაში“ მიღებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ აუცილებლად ეცნობება.

უახლოეს პერიოდში ჩავატარებთ „ქართული ოცნების“ ყრილობის სხდომას, მანამდე იქნება პოლიტსაბჭოს სხდომა და საზოგადოებას ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შევატყობინებთ. რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, ვფიქრობთ, რომ მან ძალიან საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, სადაც სრულად საუბრობს იმ არგუმენტაციაზე, რომლითაც იხელმძღვანელა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში.

მსურს, რომ ადამიანურად მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის, ვინაიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.