ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა განაცხადა, რომ ბულგარეთი გაზის იმპორტის გაზრდის მიზნით, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს განაახლებს.
ჰრისტოვის თქმით, სამინისტრო გააგრძელებს გაზის იმ მოცულობის მოძიებას, რომელიც საკმარისი იქნება მთელი ზამთრის პერიოდისთვის.
„მათ [აზერბაიჯანს] აქვთ გაზი და საკითხი ფასზეა. ძალისხმევა მიმართული იქნება საშუალოვადიანი კონტრაქტების გაფორმებაზე, რაც უზრუნველყოფს გაზის სისტემატიურ მიწოდებას კონკურენტულ ფასებში. ამ დროისთვის ჩვენ შეშფოთებული ვართ ფასების მუდმივი ზრდის ტენდენციით და არა მოცულობით, რადგან არის შეთავაზებები გაზის მიწოდებაზე“, - აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო.