ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალი არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება

შემოდგომით, თვითმართველობის არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

„არის რეფორმის გარკვეული საკითხები, რომელთა განხორციელება მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს. პირველ რიგში, ეს ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას. დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდა, დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები ახალი საარჩევნო მოდელის მოსამზადებლად.

"ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის დაასრულებს ოპოზიცია ჭირვეულობას და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, ვთხოვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე, რომლის დასანერგად საქართველოს პარლამენტი სათანადო საკანონმდებლო ბაზას შეიმუშავებს", - აღნიშნა კობახიძემ.