სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე: ყირიმი უკრაინაა

„ყირიმი უკრაინაა“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე შეკრებილებს.

 მისივე თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინაში გასულ თებერვალს არ დაწყებულა.

„თქვენი ბრძოლა უკვე გამარჯვებაა“, - მიმართა პრეზიდენტმა სამიტის მონაწილეებს.

სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ანაქრონისტული ომი მალე დასრულდება და უკრაინა, რომელიც ისტორიის სწორ მხარეს დგას, გამარჯვებული გამოვა.

„21-ე საუკუნეში ოკუპაციის ადგილი არ არის“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც 5 წუთიანი გამოსვლა დაასრულა შემდეგი ფრაზით - „სლავა უკრაინა“.


სრული ტექსტი

ჩვენ აქ უკვე მეორედ ვართ გაერთიანებული ყირიმის პლატფორმისთვის. გასულ წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენდა. დღეს, ჩემთვის დიდი პატივია, სამიტზე წარმოვადგენდე საქართველოს და მის ხალხს.

აუცილებელია, ერთად ვიდგეთ იმ ფასეულობების დასაცავად, რომლებიც გვაერთიანებს და რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩამოაყალიბებს ჩვენს საერთო მომავალს. ვამაყობ, რომ საქართველოს სახელით ვუერთდები ყირიმის პლატფორმის დეკლარაციას და ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიისადმი. ყირიმი უკრაინაა!

ამ ღონისძიებაში მონაწილეობისას, დღეს, ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ხვალ უკრაინა დამოუკიდებლობის დღესა და რუსეთის აგრესიისადმი მისი ვაჟკაცური წინააღმდეგობის ექვს თვეს აღნიშნავს. ეს თარიღები უბრალოდ დამთხვევა არაა.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსული აგრესია უკრაინაში გასული წლის თებერვალში არ დაწყებულა და ყირიმი მართლაც იყო საწყისი გამოწვევა. ეს ძალიან კარგად გვახსენებს, იმას, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების უპასუხო გამოწვევები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი უპასუხო აგრესია, მხოლოდ მეტ აგრესიას და მეტ არასტაბილურობას იწვევს.

საქართველოსთვის უკრაინაში განვითარებული მოვლენები, სამწუხაროდ, კარგადაა ცნობილი და ხელახლა გაიხსნა მრავალი ჭრილობა, რადგან, კრემლის აგრესია მისი მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ იმ მაგალითს მიჰყვება, რომელიც საქართველომ 1921, 1992 და 2008 წლებში განიცადა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრა და ოკუპაცია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რა ფასი გადაიხადეს და იხდიან თქვენი ჯარისკაცები და მთლიანად თქვენი მოსახლეობა.
მინდა ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ დავადასტურო აღფრთოვანება თქვენი ვაჟკაცური ბრძოლისადმი და გამოვთქვა ჩვენი მტკიცე რწმენა, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება! თქვენი ბრძოლა უკვე მოგებულია, რადგან ის დაუპირისპირდა რუსეთის უძლეველობასა და დაუსჯელობის გრძნობას.
თქვენი ბრძოლა უკვე მოგებულია, რადგან მან გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო პასუხი - ძლიერი და ერთიანი პასუხი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული პრეზიდენტ პუტინის მიერ, ისეთი ტიპის პასუხი, რომელიც არ გვინახავს 2014 წელს ყირიმის ანექსიისას, ან 2008 წლის აგვისტოში.

დღევანდელი პასუხი ის პასუხია, რომელიც შეცვლის მომავალს! ეს იმის მტკიცებულებაა, რომ უკრაინის ომი, ყირიმის ოკუპაცია და დღევანდელი თავდასხმები ოდესაზე, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის შავი ზღვის უსაფრთხოებას, და შესაბამისად, გლობალურ უსაფრთხოებას.

მსოფლიო მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებით გამოწვეული საკვების დეფიციტის უპრეცედენტო რისკის წინაშე დგას. (ეს) ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ძალიან ელემენტარულ პრინციპს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების გაყოფა არ შეიძლება. ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ!

ამ რთულ დროს უკრაინელი ხალხი კიდევ უფრო გაერთიანდა თავისი ევროპული მისწრაფებების გარშემო. მინდა მთელი გულით მივულოცო უკრაინას კანდიდატის სტატუსის მიღება და გამოვთქვა ჩემი რწმენა, რომ საქართველო მალე შეუერთდება ჩვენს ორ პარტნიორს - უკრაინასა და მოლდოვას ამ საერთო გზაზე.

მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ანაქრონისტული ომი მალე დასრულდება და ისტორიის სწორ მხარეს მდგომი უკრაინა გამარჯვებული გამოვა. ოკუპაციის ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის! 

ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოწმენი ვიქნებით, რომ ჩვენი ერები დაიბრუნებენ ერთიანობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას მშვიდობიან და უსაფრთხო ევროპაში.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, Slava Ukraini!

,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.