საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, შეაჩეროს საომარი მოქმედებები და გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.
„რვა წლის წინ რუსეთმა უკანონოდ მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები... საფრანგეთი ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალშიც ასე იქნება.
მინდა, რუსეთს შევახსენო საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვის ვალდებულების შესახებ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ყირიმის პლატფორმის რიგით მეორე სამიტზე.
,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.