ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი სოციალისტები", საქართველოს პარლამენტი უკვე აღარ არის "ერთპარტიული პარლამენტი" და ოპოზიციის "საბოტაჟის გაგრძელებამ ყოველგვარი რადიონალური საფუძველი დაკარგა".
"ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა შესთავაზა და სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.
"როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება - „ევროპელი სოციალისტები“, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „ერთპარტიული პარლამენტის“ სცენარი. ამ ვითარებაში პარლამენტის საბოტაჟის გაგრძელებამ ყოველგვარი რაციონალური საფუძველი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ შედარებით ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებსაც კი, შანტაჟის, შიშის გამო, ჯერ კიდევ უჭირთ ნაბიჯის გადადგმა და დემოკრატიულ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა.
კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, რათა ნათელი მოვფინოთ სიმართლეს არჩევნებთან დაკავშირებით - გადავამოწმოთ იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება ამ სიმართლის დასადგენად. საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში და მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვევთ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მათ შორის, ეუთო/ოდირს, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომისიის მუშაობის მაქსიმალური ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა.
ამასთან, ბუნებრივია, ძალაში რჩება ჩვენი პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, მმართველი პარტია დაუყოვნებლივ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, პირადად მე კი, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ასევე თქვა, რომ დღის წესრიგში დგას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და მისთვის პარლამენტში სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.